|
მომსახურების ხარისხი |
08.04.2017 - სიახლეები ვებ-გვერდზე
პირველადი ჯანდაცვის / საოჯახო მედიცინაში დაავადებების / მდგომარეობების კლინიკური მართვის რეკომენდაციები 101
სიმპტომებზე დაფუძნებული ინტეგრირებული კლინიკური მართვის პროტოკოლებია, სადაც გამოყენებულია მოზრდილთა გავრცელებული სიმპტომებისა და ქრონიკული მდგომარეობების მართვის ალგორითმული მიდგომები. აღნიშნული გაიდლაინების გამოყენება შეუძლია საქართველოს პჯდ-ში მომუშავე პერსონალს.
პროტოკოლების შემუშავების მიზანი არის მოზრდილ პაციენტებში, პჯდ-სათვის გავრცელებულ სიმპტომებსა და ქრონიკულ მდგომარეობების მართვაზე მიდგომების სტანდარტიზაცია, რაც დაეხმარება ჯანმრთელობის პროფესიონალებს, პაციენტებს მიაწოდონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო კლინიკური მომსახურება.
მოზრდილთა სიმპტომებზე დაფუძნებული ინტეგრირებული მიდგომა პირველად ჯანდაცვაში
|
28.01.2014 - პირველად ჯანდაცვაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით კომპანია „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა“ და „საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის“ მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა ავტომატიზებული სისტემა – ქცევის ინდივიდუალური შეფასება და მისი ცვლილების კომუნიკაცია - BACC (Behaviour Assessment and Change Communication). ის წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიას, რომლის ყველა პარამეტრი დაფუძნებულია მასიური კვლევების საერთაშორისოდ აღიარებულ შედეგებზე, სტანდარტებზე/ნორმატივებსა და რეკომენდაციებზე. მისი მეშვეობით რეალურად განხორციელდება მთელ რიგ არაგადამდებ სნეულებათა პრევენციის პროგრამა, რომლებზეც მოდის ქვეყნის ავადობის უდიდესი ტვირთი 15-65 წწ ასაკის მოსახლეობაში და რომლებიც გარკვეულწილად დამოკიდებულია ქცევით რისკ–ფაქტორებზე.
პროგრამის ამოცანებია:
- არაგადამდებ სნეულებათა რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ქცევითი რისკების მოდიფიცირების პრაქტიკის გაუმჯობესება.
- ქრონიკული დაავადებების მართვის მოდელის დანერგვისა და ჯანმრთელობის დამკვიდრების ხელშეწყობა სათემო და ინდივიდუალურ დონეზე.
- პჯდ ეფექტურობის გაზრდა რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რუტინული სამუშაოდან დროის გამონთავისუფლების გზით.
- ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამიზნე ჯგუფის გამოკვლევისა და სათანადო საგანმანათლებლო/მხარდამჭერი ინტერვენციების შედეგად.
უფრო დეტალური ინფორმაცია და აღნიშნული ავტომატიზებული სისტემის სახელმძღვანელო იხილეთ მომსახურების ხარისხის ველში.
იხ. სახელმძღვანელო . . .
გადმოწერა BACC - ასთმა
გადმოწერა BACC - ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
გადმოწერა BACC
- CV რისკი
|
26.06.2007 - სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციების, დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტებისა (პროტოკოლების) და კლინიკური საქმიანობის შეფასების ინტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაზე.
- საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი ჩართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს: გაიდლაინებისა და პროტოკოლების შეფასების, შემუშავებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს მუშაობაში. კავშირი უზრუნველყოფს გაიდლაინებისა და პროტოკოლების ექსპერტიზას და აფასებს პირველადი ჯანდაცვის ქსელში რეკომენდაციების განხორციელებადობის შესაძლებლობებს. იხ. ვრცლად რეცენზიები გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე.
- დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის ფარგლებში საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირმა ოქსფორდის პოლიტიკის მართვის ჯგუფთან ხელშეკრულების საფუძველზე (ნოემბერი 2006) მონაწილეობა მიიღო გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის გავრცელებული პრობლემების მართვის კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა და პროტოკოლების მომზადებაში.
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის „კახეთში ადამიანური რესურსის განვითარების პროექტისა“ და მსოფლიო ბანკის პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტების მხარდაჭერით, საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი მუშაობს „კლინიკური საქმიანობის შეფასების“ სისტემის განვითარებასა და დანერგვაზე. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქართველი და ბრიტანელი ექსპერტების მიერ შემუშავდა კლინიკური საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტები. სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს შემფასებლებმაც. მომზადდა 30-მდე ოჯახის ექიმი და ექთანი, რომლებმაც 2006 წლის ნოემბერში შეაფასეს ახალგადამზადებული საოჯახო მედიცინის გუნდების საქმიანობა იმერეთსა და აჭარაში.
|
|