უნივერსითი რესერჩ კო, (URC), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის (TPP) პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს USAID-ის და საქართველოს მთავრობის საერთო ამოცანის შესრულებას - ტუბერკულოზის ყველა შემთხვევების შემცირებას ქვეყანაში და ამით ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას.
პროექტის სტრატეგიაა ტუბერკულოზთან ბრძოლის გაძლიერება სათემო, დაწესებულების, და ეროვნულ დონეზე საქართველოში, ტუბერკულოზის სპეციალიზებული და ზოგადი სამედიცინო დაწესებულებების სუსტი მხარეების დაძლევის გზით. ამ სტრატეგიის შესაბამისად პროექტი ფოკუსირებული იქნება სამ ძირითად ამოცანაზე:
ამოცანა 1: ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების ადრეული გამოვლენა (ადრეული დიაგნოსტიკა) ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში
ამოცანა 2: ქვეყნის მასშტაბით DOTS-ის განხორციელების ხარისხის გაუმჯობესება.
ამოცანა 3: ქვეყნის მასშტაბით ახლად დაარსებული კერძო სამკურნალო დაწესებულებებისათვის მცირე დახმარების გაწევა ინფრასტრუქტურის განახლებაში, რათა მათ დააკმაყოფილონ ტუბერკულოზის მკურნალობისსტანდარტები და ინფექციის კონტროლით გათვალისწინებული ნორმები
შემთხვევათა ადრეული გამოვლენა და ინფექციის მკაცრი კონტროლი ტუბერკულოზის ტვირთის შემცირების საწინდარია. როდესაც პაციენტი დიაგნოსტიკისთვის სამედიცინო ქსელს დაგვიანებით მიმართავს, ის კონტაქტში მყოფი არაერთი პირის დაინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც ზრდის ტუბერკულოზის შემთხვევების რიცხვს და რეზისტენტული ფორმების განვითარების რისკს. არსებითი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების გამოვლენიდან მკურნალობის დაწყებამდე პერიოდის შემცირებას და ინფექციის კონტროლით გათვალისწინებული ნორმების ეფექტურ დაცვას.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დაკვეთით საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირმა საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით წარმატებით ჩაატარა 420 ექიმისა და ექთნის ტრენინგი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში. ანალოგიური ტრენინგები გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.