საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი 2003 წლის 17 ნოემბრიდან ფუნქციონირებს, (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 16.12.03-ის დადგენილება #5/9-813 თავმჯდომარე ი.ქაროსანიძე). „ოჯახის ექიმთა ასოციაციისა“ (რეგისტრირებული 1995 წლის 28 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 28.12 37/3 დადგენილებით-პრეზიდენტი პროფ. ა.ალადაშვილი) და «ოჯახის ექიმის მასწავლებელთა კავშირის” (არარეგისტრირებული კავშირი) გაერთიანების საფუძველზე, კავშირის დამფუძნებლები ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობდნენ ქვეყანაში საოჯახო მედიცინის მოდელის განვითარებაზე. კავშირში გაერთიანებულია ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საქართველოში საოჯახო მედიცინის დარგში უკანასკნელი წლების განმავლობაში შეიქმნა.
ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და პრაქტიკის მენეჯერების მასწავლებლები, უმაღლესი სამედიცინო სკოლების პედაგოგიური პერსონალი, რომელთა ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება უდავოდ ღირებულია საოჯახო მედიცინის სფეროში მყარი აკადემიური საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად.
კავშირის წევრების მიერ, უცხოელი ექსპერტების დახმარებით, შეიქმნა საოჯახო მედიცინაში ადამიანური რესურსის პროფესიული მომზადების საფუძვლები: ოჯახის ექიმებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების გადამზადებისა და უწყვეტი განათლების პროგრამები და პროფესიული სტანდარტები.
კავშირის წევრები აქტიურად მუშაობენ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაზე. მათი ინიციატივით საოჯახო მედიცინის მოდელის სადემონსტრაციო დაწესებულებებში ინერგება ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების ინსტრუმენტები. ტარდება სამედიცინო და ორგანიზაციული აუდიტები სხვადასხვა პრობლემურ თემებზე, მუშავდება გაიდლაინები და პროტოკოლები.
საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი 2004 წლიდან ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის (WONCA) სრულუფლებიანი წევრია.
|